ონლაინ მაღაზია – შექმნა, მართვა და სარგებელი

ონლაინ მაღაზია – მოკლე მიმოხილვა
ალბათ, ყველამ ვიცით, რა არის ონლაინ მაღაზია. სხვა თუ არაფერი, გაგონილი მაინც გექნებათ amazon.com ან ebay.com. ვაჭრობით დაკავებულ ყველა წარმატებულ ბიზნესს, იქნება ეს პროდუქტის თუ მომსახურების გაყიდვა, საკუთარი ინტერნეტმაღაზია გააჩნია, სადაც მისი პროდუქცია ონლაინ შეძენის ფუნქციითაა განთავსებული. ეს სფერო საკმაოდ ახალია და სულ რაღაც ორ ათეულ წელს ითვლის. თუმცა, ამავდროულად, ონლაინ ვაჭრობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მას ყოველდღიურად უამრავი ახალი მონაწილე ემატება.
თუ 2000 წლისთვის მსოფლიოში გაყიდული პროდუქციისა თუ მომსახურების მხოლოდ 5% მოდიოდა ონლაინ პლატფორმებზე, დღეს ეს მაჩვენებელი 30%-ს აჭარბებს. მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის მსოფლიო პროდუქციის 70-80% ონლაინ ვაჭრობით გაიყიდება.
ონლაინ მაღაზიის უპირატესობა
მოდით, წარმოვიდგინოთ, რამდენი ადამიანი სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით Amazon.com-ით. ალბათ, ყველა ქვეყანაში უამრავი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, Amazon-ს ონლაინ სისტემის ნაცვლად ამ მომხმარებლებისთვის ტრადიციული, მარკეტის ტიპის სერვისი რომ შეეთავაზებინა. საჭირო გახდებოდა ათასობით მაღაზიის გახსნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათი ინვენტარიზაცია, მომსახურე პერსონალით დაკომპლექტება, საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა, დისტრიბუციით უზრუნველყოფა, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა… უამრავი დეტალისა და ფაქტორის გათვალისწინება იქნებოდა საჭირო, რომ ამ ქსელს ისეთივე წარმატებით ემუშავა, როგორც დღეს მუშაობს ონლაინ პლატფორმის სახით. Amazon-ი სავაჭრო სფეროს გიგანტია, თუმცა, როგორც წესი, სტრუქტურა ნებისმიერი მასშტაბის შემთხვევაში იგივეა. ონლაინ მაღაზია დღევანდელობას ბევრად უკეთაა მორგებული, უფრო მოქნილი და ნაკლებხარჯიანია. თქვენ ქმნით ონლაინ სისტემას, რომელიც ერთი წერტილიდან — თქვენი სამუშაო ოფისიდან — ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
აღარ გიწევთ ზრუნვა ინტერიერისა და ექსტერიერის მოწყობაზე, გუნდის მუდმივ გადამზადებაზე სხვადასხვა ლოკაციაზე, ფილიალების რევიზიასა და კონტროლზე და ყველა იმ ტრადიციულ ხარჯსა თუ შრომით დეტალზე, რაც ვაჭრობის სფეროს განუყოფელი ნაწილია.
როგორი უნდა იყოს კარგი ინტერნეტმაღაზია
მომხმარებელი, როგორც წესი, კრიტიკულია — და ეს ასეც უნდა იყოს, მით უმეტეს, როდესაც ის მომსახურებაში ფულს იხდის. ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში კი სწორედ ასე ხდება: მომხმარებელი შემოდის თქვენს საიტზე, ყიდულობს პროდუქტს ან მომსახურებას და თქვენ ამით მოგებას იღებთ. ამიტომ ის მაქსიმალურად კრიტიკულად შეაფასებს იმას, რაც საიტზე დახვდება.
პირველ რიგში, ინტერნეტმაღაზია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვებსაიტი, მომხმარებელზე უნდა იყოს მორგებული და მარტივი გამოსაყენებელი.
ჩამოვთვალოთ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც ინტერნეტმაღაზიის შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ:
- საიტის დიზაინი
- ადაპტირებადობა სხვადასხვა მოწყობილობაზე
- საიტის სისწრაფე
- მარტივი ნავიგაცია
- სწრაფი უკუკავშირი და კომუნიკაცია
- სანდოობა
და, რა თქმა უნდა, ხარისხიანი პროდუქტი თუ მომსახურება, რომელსაც მომხმარებელს საიტის მეშვეობით სთავაზობთ.
რჩევები ონლაინ მაღაზიისთვის
- ხშირად ნუ შეცვლით საიტის დიზაინის ძირითად ელემენტებს
- გამოიყენეთ ხარისხიანი ფოტო- და ვიდეომასალა
- გამოიყენეთ ადვილად წაკითხვადი ტექსტი
- მიუთითეთ პროდუქტის დეტალური აღწერა და მახასიათებლები
- უპასუხეთ მომხმარებლის კომენტარებსა და შეფასებებს
- იყავით აქტიური სოციალურ ქსელებში
- დაგეგმეთ წამახალისებელი აქციები და მომხმარებლის ყურადღება მიაპყარით მათ
- მოახდინეთ საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის
იხილეთ ჩვენი სერვისები
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.