მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი

SEO·13 სექტემბერი, 2018·2 წთ
Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი

რა არის (ან რა იყო) meta keywords?

Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) 1995 წელს გაჩნდა. მაშინ მომხმარებლები საძიებო სისტემებად AldaVista-სა და Infoseeker-ს იყენებდნენ. ვებგვერდებზე შეგეძლოთ დაგემატათ მეტა თეგები, რომლებიც ამ გვერდის მთავარ საკვანძო სიტყვებზე მიუთითებდა. ეს ასე გამოიყურებოდა:

<meta name=”keywords” content=”seo, search engine, optimization, ranking”>

ეს ელემენტები, ისევე როგორც ყველა სხვა მეტა ელემენტი, მომხმარებლისთვის უხილავი იყო, თუმცა მათ საძიებო სისტემა ხედავდა და საიტის რანკინგის ერთ-ერთ ფაქტორად იყენებდა.

ეს დაახლოებით იმას ნიშნავდა, რომ Google-ს სთხოვდით, თქვენი საიტი ისე აღექვათ, როგორც თავად მიუთითებდით. დიახ, ეს ძალიან მარტივი იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ინტერნეტი უფრო კომერციული გახდა, ბევრმა ამ ატრიბუტის სპამად გამოყენება დაიწყო. ამიტომ საძიებო სისტემებმა მეტა საკვანძო სიტყვების იგნორირება დაიწყეს.

მეტა საკვანძო სიტყვების დასასრული

მოგიყვებით მეტა საკვანძო სიტყვების (meta keywords) სრულ ისტორიას. 2009 წლის სექტემბერში Google-მა ოფიციალურად განაცხადა, თუ რას წარმოადგენდა მათთვის ეს პარამეტრი.

“Google არ იყენებს keywords მეტა თეგს ვებგვერდების რანკინგისთვის”.

იხილეთ Matt Cutts-ის ვიდეო:

იყენებენ თუ არა Yahoo და Bing მეტა საკვანძო სიტყვებს?

2009 წლის ოქტომბერში, SMX East-ზე, Yahoo!-მ განაცხადა, რომ მეტა საკვანძო სიტყვებს აღარ იყენებდა. თუმცა, ეს ბოლომდე სიმართლე არ აღმოჩნდა, რადგან სისტემა მათ მაინც აინდექსირებს, მაგრამ ეს ვებგვერდს რანკინგის გაუმჯობესებაში სრულებით არ ეხმარება.

2014 წელს Bing-მა ასევე განაცხადა:

“დღეს ნათელია, რომ meta keywords თეგი SEO-ს თვალსაზრისით მკვდარია. ის, შესაძლოა, ჯერ კიდევ გამოიყენებოდეს კონტექსტური რეკლამის სისტემების ან ბოტების მიერ ვებგვერდებიდან სიგნალების მისაღებად, მაგრამ, რაც შეეხება ძიებას, ეს პარამეტრი, როგორც რანკინგის ხელშემწყობი ფაქტორი, წარსულს ჩაჰბარდა”

მოგვიანებით მათ ისიც განაცხადეს, რომ ამ პარამეტრის გამოყენება შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს, რადგან სისტემამ ის შესაძლოა სპამის სიგნალად აღიქვას.

ასე რომ, ნუღარ დახარჯავთ დროს meta keywords-ის ძიებაში. ის 5 წუთი, რომელიც მათ მოსაძებნად გჭირდებათ, კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას მოახმარეთ. უმჯობესია, მოიძიოთ საკვანძო სიტყვები (Keywords და არა Meta Keywords), რადგან, მაშინ, როცა meta keywords მკვდარია, კონტენტში არსებული საკვანძო სიტყვები კვლავ აქტუალური და მნიშვნელოვანია.

მაგრამ მე მინდა მეტა საკვანძო სიტყვები!!!

არა, არ გჭირდებათ, რადგან ამან შეიძლება სარგებლის ნაცვლად ზიანი მოგიტანოთ. ნებისმიერმა საძიებო სისტემამ ისინი შესაძლოა სპამის სიგნალად აღიქვას, ან ისეთ კონტენტად, რომელიც თანამედროვე სტანდარტებსა და განახლებებს ფეხს ვერ უწყობს.

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.