საიტის შექმნა – ვის და რისთვის სჭირდება ის

საიტის შექმნა – საიდან დაიწყო ყველაფერი?
ჩვენი საუკუნის დასაწყისში საიტის შექმნა რაღაც ძალიან დიდთან, გრანდიოზულთან და მისტიკურთან ასოცირდებოდა. მარტივი საიტის ქონაც კი ხაზს უსვამდა კომპანიის სოლიდურობასა და თანამედროვეობას. მაშინდელი დეველოპერებიც ასტრონომიულ ფასებს ითხოვდნენ საიტის აწყობაში – ვერც გაამტყუნებ, ისინი ხომ სულ რამდენიმე იყვნენ და მომხმარებელს, ხშირ შემთხვევაში, არჩევანიც კი არ ჰქონდა.
დღეს, როცა 21-ე საუკუნის მეორე ათეული იწურება და ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება, ყველა ცდილობს, მეტ-ნაკლებად ფეხი აუწყოს ცვლილებებს და თავისი საქმიანობა თანამედროვე სტანდარტებს მოარგოს. ჩნდება ახალი სივრცეები და შესაძლებლობები. მათ შორის კი ინტერნეტი ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანია, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა.
აბა, წარმოიდგინეთ ერთი დღე სოციალური ქსელის, იმეილის, საძიებო სისტემის, გასართობი ვიდეოპორტალის გარეშე – ასეთი დღე, ფაქტობრივად, არ არსებობს, თუ მას ხელოვნურად არ შევქმნით. მაგალითად, როცა ამ ყველაფრისგან დაღლილები აგარაკს მივაშურებთ, სადაც დროებით მოვწყდებით ზემოთ ჩამოთვლილს.
საიტის შექმნა, საიტის აწყობა, „საიტი მინდა“, საიტების დამზადება…
და ასე შემდეგ – ხშირად გვესმის ეს ფრაზები ჩვენ გარშემო, ან სულაც ჩვენ ვეუბნებით სხვას ამ სიტყვებს. რეალურად, ვიცით კი, რა დატვირთვა აქვს საიტს ჩვენთვის, რა სარგებელი მოაქვს საკუთარი ვებსაიტის ქონას, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული, ან საერთოდ, რისთვის გვჭირდება საიტი?
წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ საკუთარი ბიზნესი. რა თქმა უნდა, ყველას უნდა, მისი ბიზნესი გახდეს ცნობადი, გაიზარდოს გაყიდვები და, შესაბამისად, შემოსავალი. მოკლედ, გვინდა, კეთილდღეობას მივაღწიოთ — ბიზნესიც ხომ სწორედ ამისთვისაა.
თქვენ ბეჭდავთ ბანერებს, ცვლით ინტერიერსა და ექსტერიერს ოფისში, უყვებით გარშემომყოფებს თქვენი საქმიანობის შესახებ. იწონებთ და ამაყობთ თქვენი პროდუქციითა თუ მომსახურებით.
რატომ ხდება მთელი ეს პროცესი? პასუხი ძალიან მარტივია – თქვენ გინდათ, გახადოთ თქვენი საქმიანობა ცნობადი, ხაზი გაუსვათ თქვენს განსაკუთრებულობას, დაარწმუნოთ გარშემომყოფები თქვენს უპირატესობაში კონკურენტებთან შედარებით. მოკლედ, ძალ-ღონეს არ იშურებთ და ეს სწორიცაა, ამის გარეშე ხომ ნებისმიერი საქმიანობა განწირულია.
მოდით, დაუსვით თქვენს თავს კითხვა: რა ღონისძიებებს გაატარებთ იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობა წარმატებული და ცნობადი გახდეს? მიმართავთ სარეკლამო კამპანიას? – დიახ, რატომაც არა.
დაამზადებთ სარეკლამო რგოლებს, რომლებსაც ტელევიზიასა და რადიოში გაუშვებთ, გახსნით მაღაზიას ლამაზი ფასადით, გამოფენთ ბანერებს ქუჩაში, მოაწყობთ პრომოაქციებს… და ასე შემდეგ, სანამ ფანტაზია და რესურსი გეყოფათ.
რა როლი შეიძლება ითამაშოს ინტერნეტმა?
მოდით, დავსვათ კითხვა: ამ ყველაფერში რა როლი შეიძლება ითამაშოს ინტერნეტმა? წარმოიდგინეთ თქვენი მიზნობრივი აუდიტორია. ზოგი სამსახურშია, ზოგიც მოგზაურობს, ზოგი სხვა რაიონში ან უბანში ცხოვრობს — ისინი განსხვავებულები არიან. მაგრამ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აერთიანებს ერთი რამ – ისინი ინტერნეტის მომხმარებლები არიან! ყველა ის ადამიანი, რომელიც შეიძლება თქვენი საქმიანობით დაინტერესდეს, ინტერნეტშია, ამიტომ ლოგიკურია, რომ თქვენი საქმიანობაც ინტერნეტში უნდა იყოს წარმოდგენილი. თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი ადგილი, საკუთარი კუთხე ამ გლობალურ ქსელში.
საკუთარი ადგილის დაკავება ინტერნეტში რამდენიმე მეთოდით შეგიძლიათ. ესენია:
- სოციალური ქსელები
- ინტერნეტ-რეკლამა
- საკუთარი საიტი
მოდით, მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.
სოციალური ქსელები დღეს ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სეგმენტია. იქ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი „კუთხე“ თქვენივე საქმიანობისთვის, დაარქვათ სასურველი სახელი, გააფორმოთ ვიზუალურად — მოკლედ, გააკეთოთ ყველაფერი, რომ ეს „კუთხე“ თქვენს საქმიანობასთან ასოცირდებოდეს. ეს საკმაოდ მომგებიანი და აპრობირებული მეთოდია, რომლის სწორად მართვაც გარკვეულ წარმატებას მოგიტანთ. თუმცა ეს თქვენი „კუთხე“ მაინც იმ კონკრეტული სისტემის, პლატფორმის ნაწილია და ბოლომდე არ წარმოადგენს თქვენს საკუთრებას. სოციალურ ქსელში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს წესები, შიდა პოლიტიკა, ან სულაც თავად პლატფორმა გაუქმდეს.
ინტერნეტ-რეკლამა – რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და სწრაფად მზარდი სეგმენტი დღეისათვის. თქვენ უხდით გარკვეულ თანხას პლატფორმას, რომელიც ინტერნეტში თქვენს რეკლამირებას უზრუნველყოფს. სწორად შერჩეული რეკლამა მუშაობს, სანამ მომსახურების საფასურს იხდით. შეწყვეტთ გადახდას – შეწყდება რეკლამაც, ეს მარტივი წესია.
და ბოლოს:
მოდით, განვიხილოთ, რას გვაძლევს საკუთარი საიტის შექმნა. თქვენ ქმნით პლატფორმას თქვენი გემოვნებით, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. განათავსებთ მასზე სასურველ ინფორმაციას თქვენი საქმიანობის შესახებ. შეგიძლიათ აქციოთ ის ინტერნეტმაღაზიად, ცვალოთ კონტენტი სურვილისამებრ – აქ ყველაფერზე სრული უფლება გაქვთ, ის ბოლომდე თქვენია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ზემოთ ჩამოთვლილი ორივე გზა შეგიძლიათ შეურწყათ თქვენს ვებსაიტს.
შეგიძლიათ მისი ინტეგრაცია სოციალურ ქსელებთან და ასევე მისი რეკლამირება ინტერნეტ სივრცეში, თუ, რა თქმა უნდა, ეს გსურთ.
ნათლად ჩანს, რომ საკუთარი საიტის ქონა სულაც არ ზღუდავს სოციალურ ქსელებში თქვენს არსებობას და არც ინტერნეტ-რეკლამის წარმოებას – პირიქით, ეს ორივე სეგმენტი შეგიძლიათ საკუთარი პლატფორმის განვითარებისთვის გამოიყენოთ.
როგორი უნდა იყოს წარმატებული საიტი?
თუ შევთანხმდით იმაზე, რომ საკუთარი ვებსაიტის ქონა თქვენთვის მომგებიანია, განვაგრძოთ. მაინც როგორი უნდა იყოს საიტი? რა უნდა ჰქონდეს კარგ საიტს, რათა ის წარმატებული იყოს? რა თქმა უნდა, ეს დეტალები მნიშვნელოვანია.
განვითარებასთან ერთად იცვლება და იხვეწება სტანდარტებიც, რომლებისთვისაც ფეხის აწყობა უმნიშვნელოვანესია.
თუკი 10-15 წლის წინ ნებისმიერი ტიპისა და ხარისხის საიტის ქონა დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, დღეს ასე აღარ არის. თქვენი პლატფორმა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, რათა ის მისაღები იყოს თქვენივე მიზნობრივი აუდიტორიისთვის.
ეს სტანდარტები შეიძლება იყოს:
- დიზაინი
- ფუნქციონალი
- მოქნილობა
- სიმარტივე
არავის სურს დროის გატარება ისეთ საიტზე, რომლის ვიზუალური მხარეც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ცუდია — ამიტომ დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანია.
არავის სურს ისეთ საიტზე რაიმეს კეთება, რომელიც ვერ ასრულებს სასურველ ამოცანას – ფუნქციონალი ზუსტად უნდა პასუხობდეს თემატიკას.
არავის სურს ისეთ საიტზე ყოფნა, რომელიც ვერ ერგება მის მოწყობილობებს, ცუდად გამოიყურება მობილურში, არ იკითხება ინფორმაცია, არ ჩანს კონტენტი და ა.შ. თანამედროვე საიტი თანამედროვე მოწყობილობებზე ადაპტირებული უნდა იყოს.
არ მგონია, ვინმეს უნდოდეს ისეთ ვებსაიტზე ნავიგაცია, სადაც თავსა და ბოლოს ვერ გაიგებს, მარტივად ვერ მოაგნებს იმას, რასაც ეძებს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი უბრალოდ დატოვებს მას და უკეთესის ძიებას დაიწყებს — ამიტომ საიტი უნდა იყოს მარტივი (user friendly).
ყველა თანამედროვე სტანდარტით შექმნილი ვებსაიტი სწორი მართვის შემთხვევაში აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და დაგეხმარებათ, მყარად დაიკავოთ თქვენი ადგილი ინტერნეტ სივრცეში.
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.