მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

თქვენი საიტის უსაფრთხოება – 7 აუცილებელი პუნტქი

რჩევები·8 ივლისი, 2022·4 წთ
თქვენი საიტის უსაფრთხოება – 7 აუცილებელი პუნტქი

ახლახან დაასრულეთ თქვენი ვებსაიტი, ვერ მოიცალეთ საჭირო ინსტრუმენტების დასაყენებლად ან, უბრალოდ, დაგავიწყდათ, რომ პაროლად 1234-ის მსგავსი კომბინაცია გაქვთ დაყენებული... თუმცა საიტი მაინც მუშაობს. ყველაფერი რიგზეა, ხომ?

არა, პირიქით! აუცილებელია, საიტის უსაფრთხოებაზე იზრუნოთ. თქვენი საიტი დაუცველია ყველანაირი მავნე შეტევისგან — როგორც ადამიანების, ისე ავტომატური ბოტების მხრიდან. ამის გამო შესაძლოა თქვენი ვებსაიტი სრულად განადგურდეს ან მნიშვნელოვნად დაზიანდეს. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ მისი უსაფრთხოების დონის გაზრდა შეგიძლიათ.

ჩვენ გაგაცნობთ იმ ძირითად და აუცილებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც ყველა ვებსაიტს სჭირდება უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

გამოიყენეთ HTTPS პროტოკოლი

ნებისმიერი ვებსაიტის დაცვის ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი HTTPS-ის გამოყენებაა. ბევრი საიტი სტანდარტულ HTTP პროტოკოლს იყენებს, მაგრამ HTTPS პროტოკოლი თქვენს ვებსაიტზე მონაცემების დამატებით დაშიფვრას უზრუნველყოფს.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, HTTPS-ის გამოყენება მეტი ტრაფიკის მოზიდვასა და შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. ის Google-ის ძიების შედეგებში მაღალი პოზიციის დაკავებაში გეხმარებათ, რადგან Google უპირატესობას HTTPS საიტებს ანიჭებს.

გარდა ამისა, თქვენს საიტზე შემოსვლისას მომხმარებლები დაინახავენ, რომ მათი კავშირი უსაფრთხოა, რაც მათ უბიძგებს, რომ უფრო დიდხანს დარჩნენ და მეტი ნდობით გააზიარონ პირადი თუ ფინანსური ინფორმაცია.

Https პროტოკოლი
HTTPS პროტოკოლი

გამოიყენეთ ძლიერი პაროლები და მრავალდონიანი ავტორიზაცია

ვებუსაფრთხოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი პაროლებია. ალბათ, ბოლო რამ, რაც გინდათ, ისაა, რომ ჰაკერებმა თქვენი პაროლი ადვილად გამოიცნონ და ვებსაიტზე შეაღწიონ. ეს იგივეა, რომ სახლის გასაღები ვერანდაზე დატოვოთ, რაც ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს, პირდაპირ წინა კარიდან შემოვიდეს.

შექმენით პაროლები, რომლებიც ადვილად გამოსაცნობი არ იქნება და იფიქრეთ მათ პერიოდულად შეცვლაზე. გარდა ამისა, განიხილეთ მრავალდონიანი ავტორიზაციის (2FA) გამოყენება. 2FA არის სისტემა, რომელიც ვებსაიტზე შესვლამდე, პაროლის გარდა, თქვენი ვინაობის დადასტურებას სატელეფონო ზარით ან ტექსტური შეტყობინებით გთხოვთ.

მრავალდონიანი ავტორიზაციის გამოყენება იმის გარანტიაა, რომ თქვენს ვებსაიტზე ყოველთვის თქვენ შედიხართ და არა ჰაკერი, რომელმაც თქვენი პაროლი მოიპოვა. ეცადეთ, ძლიერი პაროლები და 2FA თქვენი კომპანიის ყველა იმ წევრმა გამოიყენოს, ვისაც ვებსაიტზე წვდომა აქვს.

შექმენით თქვენი ვებსაიტის სარეზერვო ასლი

რაც უნდა სამწუხარო იყოს, ზოგჯერ საუკეთესო თავდაცვაც კი უძლურია ჰაკერების შესაკავებლად. იშვიათად, მაგრამ ასეც ხდება. თუ ეს თქვენც შეგემთხვევათ, ამასთან გასამკლავებლად მზად უნდა იყოთ. ამის საუკეთესო გზა კი თქვენი საიტის სარეზერვო ასლის ქონაა.

არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც საიტის სარეზერვო ასლის შექმნაში დაგეხმარებათ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან თუ ჰაკერები თქვენს ვებსაიტს გატეხენ, მათ მისი განადგურებაც შეუძლიათ. საიტის სარეზერვო ასლის ქონის შემთხვევაში კი, ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით, ყოველთვის შეძლებთ მის აღდგენას დაზიანებამდელ მდგომარეობაში.

მუდმივი შემოწმება და სკანირება

თქვენს საიტზე ჰაკერებისა და ბოტების შეღწევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა მავნე პროგრამებია. არსებობს უამრავი ხერხი, რომლითაც ჰაკერები თქვენს საიტზე მავნე პროგრამას ნერგავენ, ამიტომ რეგულარულად უნდა შეამოწმოთ საიტის ფაილები ვირუსების აღმოსაჩენად.

არსებობს სხვადასხვა პლატფორმა და დანამატი, რომლებიც შეგიძლიათ თქვენი ვებსაიტის სკანირებისთვის გამოიყენოთ, და გირჩევთ, ამ ინსტრუმენტებით ისარგებლოთ.

ჩაატარეთ შეღწევადობის ტესტები

ვებუსაფრთხოების კიდევ ერთი საუკეთესო პრაქტიკაა შეღწევადობის ტესტების ჩატარება, რომლის დროსაც თავდასხმების სიმულაციით სისტემის დაუცველ წერტილებს ეძებთ.

წარმოიდგინეთ: თუ თქვენი ვებსაიტი ციხესიმაგრეა, მოგინდებათ, თვალი ადევნოთ ნებისმიერ მომხდურს, რომელიც შემოჭრას შეეცდება. ასევე, მოინდომებთ, რომ ციხის კედლებში ნებისმიერი სუსტი წერტილი იპოვოთ. თუ კედელში აღმოაჩენთ ხვრელს, საიდანაც ვინმე შეიძლება შემოძვრეს — დაუყოვნებლივ ამოქოლავთ მას.

სწორედ ამას აკეთებს შეღწევადობის ტესტირება — ის თქვენს თავდაცვაში სუსტ წერტილებს ეძებს. ის ამას ჰაკერებისა და ბოტების სიმულაციით აკეთებს, რომლებიც თქვენს საიტზე შეღწევას ცდილობენ, და თუ გზას იპოვის, გატყობინებთ, სად არის სუსტი წერტილი და როგორ გამოასწოროთ ის.

შეგიძლიათ ჩაატაროთ ავტომატური შეღწევადობის ტესტები სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტით, ან სთხოვოთ ექსპერტთა ჯგუფს ამის გაკეთება.

დააინსტალირეთ ვებსაიტის უსაფრთხოების დანამატები

ინტერნეტში ვებუსაფრთხოების დანამატების ფართო არჩევანია. მათ ბევრი სასარგებლო ფუნქცია აქვთ: ზოგი მავნე პროგრამებს აკონტროლებს, ზოგი დაუცველობის ტესტებს ატარებს, ზოგი კი ვირუსებსა და ჰაკერებს ებრძვის.

უსაფრთხოების დანამატის გამოყენებისას, დარწმუნდით, რომ თავად ეს ხელსაწყო სანდო და ავტორიზებულია, ფართოდ გამოიყენება და თავის ნიშაში მაღალი რეიტინგი აქვს.

website security plugins
Website security plugins

დააწესეთ „ჯილდო“

დაბოლოს, კარგი იდეაა, მომხმარებლებს თქვენს ვებსაიტზე დაუცველობის აღმოჩენისთვის ერთგვარი „ჯილდო“ შესთავაზოთ. ეს ნიშნავს, რომ საჯაროდ სთავაზობთ გარკვეულ სარგებელს ყველას, ვინც თქვენს ვებსაიტზე უსაფრთხოების ხარვეზს იპოვის.

ასეთი ინიციატივა ხშირად იზიდავს პროფესიონალ „მონადირეებს“ — უფრო კონკრეტულად, ვებუსაფრთხოების დამოუკიდებელ სპეციალისტებს, რომლებიც შეღწევადობის ტესტირების საკუთარ ვერსიას ჩაატარებენ და მათ მიერ აღმოჩენილი ნებისმიერი დაუცველობის შესახებ შეგატყობინებენ.

ეს მეთოდი შესანიშნავი გზაა იმ ხარვეზების აღმოსაჩენად, რომლებიც შესაძლოა გამოგრჩათ, რადგან „ჯილდოზე მონადირეებს“ თქვენს საიტზე სუსტი წერტილების პოვნის სტიმული ეძლევათ.

თქვენი საიტის უსაფრთხოება თქვენს ხელშია!

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი საიტის უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, თქვენ ხართ პასუხისმგებელი. მაშინაც კი, თუ შესაბამისი უნარები არ გაქვთ, აუცილებელია, რეგულარულად შეამოწმოთ ვებსაიტის დაცვის დონე და საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტური სპეციალისტები დაიქირავოთ. დაუცველი საიტისგან მიყენებული ზიანი შესაძლოა ძალიან დიდი იყოს.

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.