მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

ვებ დიზაინის ტენდენციები, რომელსაც უნდა ველოდოთ 2022 წელს

დიზაინი·3 იანვარი, 2022·4 წთ
ვებ დიზაინის ტენდენციები, რომელსაც უნდა ველოდოთ 2022 წელს

ვებდიზაინის ტენდენციები წლიდან წლამდე იცვლება. 2021 წელი, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ დატვირთული იყო. მოდით, შევაჯამოთ გასული წელი და მიმოვიხილოთ, თუ რა გველოდება ვებდიზაინის სამყაროში მომავალში. ამ სტატიაში მოკლედ გაგაცნობთ ახალი წლის მოსალოდნელ ტენდენციებს.

ვებდეველოპმენტი ყოველწლიურად ვითარდება. დროთა განმავლობაში ვებსაიტების ვიზუალურ მხარეს უფრო მეტი ყურადღება ექცევა, დიზაინი კი — მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული ხდება. დღეს ვებსაიტი ხელმისაწვდომი, მარტივი ნავიგაციისა და შეუფერხებელი ფუნქციონალის მქონე უნდა იყოს.

რადგან საზოგადოება სულ უფრო მეტ დროს ატარებს ონლაინ, ჩვენი, როგორც ვებდეველოპერების, ამოცანაა მომხმარებლებთან ემოციური კავშირის დამყარება და ადამიანის განწყობაზე მორგებული ციფრული პროდუქტის შექმნა. ვებსაიტის საშუალებით უნდა მოვუთხროთ მათ ისტორიები, ვუთხრათ ჩვენი სათქმელი და დავაკმაყოფილოთ მათი საჭიროებები ისე, რომ დამატებითი კომფორტი და სიამოვნება მიიღონ. ამიტომ, აუცილებელია, მუდმივად ვხვეწდეთ ჩვენს ტექნიკას ამ ცვალებად ციფრულ სამყაროში.

ინკლუზიური დიზაინი

ინკლუზიური დიზაინი ვებსაიტის შექმნის პროცესის ყველა საფეხურზე ახდენს გავლენას — სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებიდან სამიზნე აუდიტორიასთან ურთიერთობამდე. ის ასევე ბრენდის გრაფიკული ენის განსაზღვრაშიც მონაწილეობს.

მაგალითად, ფუნქციური გამოსახულებები და ილუსტრაციები უფრო ხშირად გამოდის წინა პლანზე, რაც მეტ მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს.
მომავალ წელს ინტერნეტი სავსე იქნება არაადამიანური იდენტობის ავატარებით, ილუსტრაციებითა და პერსონაჟებით, რადგან ის ალტერნატიულ რეალობას გვთავაზობს.

Scrollytelling – “გრაგნილი”

Scrollytelling პოპულარული ხერხია, რომელიც ციფრული ინტერფეისის საშუალებით რთული ისტორიების გადმოცემას ემსახურება.

ამ ვიზუალური ეფექტების მიზანი აუდიტორიის მოხიბვლა და მათთვის საინტერესო შინაარსის შექმნაა. Scrollytelling-ს ასევე „ნარატიულ ვიზუალიზაციად“ მოიხსენიებენ — ესაა ვიზუალური ელემენტების სერია, რომელიც ქრონოლოგიურადაა დალაგებული, რათა ვიზიტორებს კონკრეტული გზავნილი გადასცეს.

წიგნის კითხვის მსგავსად, ვებსაიტებიც გაძლევთ საშუალებას, გამოიყენოთ მსგავსი ნავიგაცია და თავად აკონტროლოთ შინაარსის დინება.

დიდი, ახლო კადრები, მკრთალად განათებული სურათები, ფართომასშტაბიანი ტიპოგრაფია, ასევე რბილი და გლუვი გადასვლები დახვეწილ, თანამედროვე ატმოსფეროს ქმნის.

ჰორიზონტალური ნავიგაცია

სტანდარტული, ვერტიკალური ნავიგაციისგან განსხვავებით, ჰორიზონტალური განლაგება ტექსტებსა და სურათებს შორის შთამბეჭდავი ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა.

ეს განსაკუთრებით ეხება პორტფოლიოს ტიპის ვებსაიტებს, კატალოგებს, რუკებსა და სხვ. პროექტების აღმოჩენა, ქალაქების შესწავლა და ონლაინ გალერეების მონახულება ბევრად უფრო საინტერესოა ჰორიზონტალური ნავიგაციით. სწორად გამოყენების შემთხვევაში, ჰორიზონტალური ნავიგაცია ვებსაიტს უფრო მიმზიდველს, სახალისოსა და დასამახსოვრებელს ხდის.

ბრუტალისტური ტიპოგრაფია

ბრუტალისტური ტიპოგრაფია შეიძლება ჩაითვალოს რეაქციად თანამედროვე ვებდიზაინის სიმსუბუქეზე, ოპტიმიზმსა და მინიმალიზმზე. ესაა უხეში, გამომწვევი სტილი, რომელიც მკვეთრად განსხვავდება დახვეწილი, თანამედროვე სტანდარტებისგან.

ასოების გამოყენება, როგორც საშენი ბლოკებისა, დინამიური ბადის, სექციების, სათაურებისა თუ აბზაცების ასაგებად, ან უბრალოდ, მიზანმიმართული ქაოსის შესაქმნელად — ბრუტალისტური ტიპოგრაფია ვებსაიტს მეტროპოლიურ იერს სძენს.

ტიპოგრაფიის ანიმაცია / კინეტიკური ტიპოგრაფია

კინეტიკური ტიპოგრაფია წინა ტენდენციების საინტერესო გაგრძელებაა, რომელიც სწრაფად ვითარდება და ახალ ფორმებს იძენს. დღეს მას ვებდიზაინერები ფართოდ იყენებენ. თუ ოდესღაც ისტორიის მოსაყოლად პერსონაჟების ანიმაციას იყენებდნენ, ახლა ტიპოგრაფია სრულიად ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

მოძრავ ტექსტს შეუძლია ყურადღების მიპყრობა, ტონის შექმნა, მნიშვნელოვანი სეგმენტების ხაზგასმა და ვებსაიტზე მომხმარებლის მზერის წარმართვა. ეს ტენდენცია, სინამდვილეში, 1960-იანი წლებიდან არსებობს, როდესაც მხატვრულ ფილმებში სტატიკური ტექსტის ნაცვლად ანიმაციური სათაურების გამოყენება დაიწყეს.

ნოსტალგია

ბოლო წლების ზოგიერთმა ტენდენციამ წინა პლანზე წამოსწია ნოსტალგიის თემა — წარსულის გახსენების სურვილი. COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, მზარდი გაურკვევლობის ფონზე, ადამიანები (მათ შორის ვებდეველოპერებიც) დამამშვიდებელ და რეალობიდან თავის დაღწევის გზებს ეძებენ.

ეს მიდგომა გულისხმობს ნელ ანიმაციებს, კლასიკურ ფოტოფილტრებს, რეტრო შრიფტებს, ბუნდოვან ეფექტებს, რბილ განათებასა და პასტელის ფერთა პალიტრის გამოყენებას.

კონტრასტული ფერები

ეს ტრენდი მილენიალებისთვის, 80-იანი და 90-იანი წლების თაობისთვისაა. ძნელია, გულგრილი დარჩე ნეონის ელემენტებით გაფორმებული ვებსაიტის მიმართ. აქ ფერი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლის ყურადღების ფოკუსირებასა და ემოციების სტიმულირებაში გვეხმარება.

ეს სტილი, რომელიც კონკრეტულ აუდიტორიაზეა გათვლილი, ენერგიულ, პოპულარულ ვებდიზაინის მიმართულებად იქცა. ის სავსეა ე.წ. „მჟავა“ ფორმებითა და ფერებით, შავ ფონზე გამოყენებული ნეონით, მკვეთრი კონტრასტითა და გრადიენტებით.

ასიმეტრია

ვებსაიტის ბადე დიზაინერისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ის ჩვენს ნამუშევარს ფორმასა და სტრუქტურას სძენს. რომელიმე სეგმენტის ხაზგასასმელად ცენტრიდან აცდენამ კი შეიძლება თქვენი ვებსაიტი კონკურენტებისგან გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახადოს.

ბადის მიღმა გასვლა, რა თქმა უნდა, ახალი არაა. თუმცა, დღეს ვებდიზაინერებს თავიანთი ხედვის განსახორციელებლად შუამავლები, მაგალითად, დეველოპერები, აღარ სჭირდებათ. სულ უფრო მარტივი ხდება ყველაზე თამამი და უჩვეულო განლაგების რეალიზებაც კი.

მრავალშრიანი ფოტოები

ბოლო წლებში დიზაინის პროცესში დიდი ყურადღება ეთმობოდა სადა, pixel-perfect და მინიმალისტურ დიზაინს. იმდენად, რომ ბევრი დიზაინერი ვიზუალურად უფრო რთულ კომპოზიციებზე მუშაობას ერიდებოდა.

მრავალშრიანი ვიზუალიზაცია სხვადასხვა კომპონენტის — მაგალითად, ფოტოგალერეებისა და ტიპოგრაფიული ელემენტების — ისეთი შერწყმაა, რომელიც ჩვენს მზერას იპყრობს, ქმნის შთამბეჭდავ ვიზუალს და ვებსაიტის ისტორიას გვიყვება. ასეთ დროს მომხმარებლები მეტ დროს ხარჯავენ ვებსაიტის შესასწავლად.

ფოტოების საერთო თემატიკა, ელეგანტური ანიმაცია და მუქი ფონი ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირებასა და ვიზუალურად შეკრული გვერდის შექმნას უწყობს ხელს.

ამ ტექნიკის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ვრცელი შინაარსის ერთ განყოფილებაში ან შეზღუდულ სივრცეში, მაგალითად, მობილურის ეკრანზე, განთავსებას აადვილებს.

ვებდიზაინის ტენდენციების მომავალი ჩვენს ხელშია

ჩვენ ვებდიზაინის არაერთი ტენდენცია განვიხილეთ — ბრუტალისტური ტიპოგრაფიიდან დაწყებული, რბილი ფერების პალიტრით, ნოსტალგიური ელემენტებითა და მაღალი კონტრასტით დამთავრებული. გარდაუვალი Metaverse-ის ფონზე, რომელიც 2022 წლის საინფორმაციო სივრცეში დომინირებს, ვებდიზაინი ახალი ეპოქის ზღვარზე დგას.

ვირტუალური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვა მალე ვებდიზაინერებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. ამ დროისთვის ეს ტექნოლოგიები სტაბილურად ვითარდება მობილურ აპლიკაციებში, მაგრამ მათი დამკვიდრება ვებსაიტების სამყაროში მხოლოდ დროის საკითხია.

როგორც ჩანს, ვებდიზაინის ტენდენციები ქაოსურ პროცესში ვითარდება, რომელიც დიდი აფეთქების ინტერნეტ ვერსიას ჰგავს. ზოგჯერ ერთმანეთს რადიკალურად განსხვავებული დიზაინის სტილი და ფილოსოფია ეჯახება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ განვითარებად სამყაროში განახლება აუცილებელია. სწორედ ეს განახლება ქმნის ახალ ტენდენციებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, ერთი შეხედვით, შეიძლება წარსულის სტილსაც კი გვაგონებდნენ.

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.