ვებ დიზაინი – ტენდენციები 2021 წლისთვის

ყოველ წელს ველით, რომ ვებდიზაინი ახალ სტილს შეიძენს, რაღაც არაამქვეყნიურსა და ტექნოლოგიურს შემოგვთავაზებს და ისეთი საიტების შექმნის საშუალებას მოგვცემს, როგორიც აქამდე არ გვინახავს. თუმცა, უკვე 2021 წელია და პროგნოზები სულ სხვა რამეზე მიგვანიშნებს.
როგორც ჩანს, 2021 წლის ვებდიზაინის ტენდენციები, ძირითადად, მაინც მომხმარებლისთვის საქმის გამარტივებაზეა გათვლილი — იმაზე, რომ მათ მარტივად შეძლონ ინფორმაციის მიღება და დამუშავება საიტიდან. რაც, პრინციპში, სწორი და გამართლებული მიდგომაა.
თუმცა, წელს მაინც იკვეთება რამდენიმე ტენდენცია, რომლებიც საიტების შექმნისას უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.
ვებდიზაინის 5 ტენდენცია, რომლებიც 2021 წელს გამოიკვეთა
- Parallax ანიმაცია
- ნეომორფიზმი
- აბსტრაქტული კომპოზიციები
- კომფორტული ფერები
- ტრანსფორმაცია სქროლის დროს
1.Parallax ანიმაცია

ფოტო: Pinch Studio
წლების განმავლობაში საიტებზე ობიექტების ანიმაციას ვხედავდით. დროთა განმავლობაში მათი სტრუქტურა იცვლებოდა და იხვეწებოდა. 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი სწორედ ურთიერთდაკავშირებული ობიექტების ანიმაციაა, რომელიც ერთიან სურათს ქმნის.
Parallax-ი ერთგვარი ოპტიკური ილუზიაა. მასიური ფონის, ობიექტებისთვის სიღრმის დამატებისა და მათი მოძრაობის სწორი ორგანიზების მეშვეობით ეკრანი ერთგვარ სცენად გარდაიქმნება. შედეგად, სტატიკურ ფოტოებსა და ბანერებთან შედარებით, ბევრად უფრო სახალისო ვიზუალს ვიღებთ.
2.ნეომორფიზმი
ამ ტენდენციამ წინა წლებში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და 2021-შიც მისი კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი. ეს სკეომორფიზმის მემკვიდრე, დიზაინერული მიდგომაა, რომელიც ძველი, ნაცნობი მასალების რენდერებს თანამედროვე ვიზუალურ სტილთან აერთიანებს.
ამ სტილს “აყვავების” პერიოდი 2010-იანი წლებიდან ჰქონდა. თითქმის ყველა აპლიკაცია ამ სტილით იქმნებოდა. ეს ტენდენცია, მეტწილად, ბრტყელმა დიზაინმა ჩაანაცვლა, რამაც უფრო მარტივი ვიზუალები შემოგვთავაზა. ფერები, შესაძლოა, ნაკლებად რეალისტურია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ობიექტი უფრო ერთგვაროვანი და ადვილად ამოსაცნობია.
ნეომორფიზმი ამ ორი ტენდენციის შერწყმაა, სადაც ბრტყელი დიზაინიდან, უმეტეს შემთხვევაში, ჩრდილებია აღებული, გაფერადება კი შედარებით მომრგვალებული ან ნახევრად ბრტყელი სტილით ხდება.
ამ სტილს ღილაკებზე, ყუთებსა და სხვა გეომეტრიულ ფიგურებზე ადვილად ამოიცნობთ.

ფოტო:By ODarka
3.აბსტრაქტული კომპოზიციები
2021 წელს დიზაინერები აბსტრაქტული ფორმების, განსაკუთრებით კი მარტივი გეომეტრიული ფიგურების (როგორიცაა წრე, ოთხკუთხედი, წრფე და ა.შ.) გაერთიანებით რთულ, კომპლექსურ კომპოზიციებს ქმნიან.
ამ ტენდენციას თითქმის არ აქვს შეზღუდვები. დიზაინერს შეუძლია სრული თავისუფლება გამოხატოს და საკუთარ გემოვნებას მიენდოს.

ფოტო: andrei2709
უმეტეს შემთხვევაში, ასეთი აბსტრაქტული ფიგურებით საიტზე ყველაზე თვალსაჩინო ადგილები ფორმდება — იქნება ეს სლაიდერი, მაღალი რეზოლუციის ფოტოები თუ ვრცელი, თავისუფალი სივრცე.
გემოვნებით შერჩეული აბსტრაქციები ვებსაიტს დამატებით სიცოცხლესა და ხალისს სძენს. მომხმარებელს კი ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს კონტენტი მისთვის უკვე ნაცნობია, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ვებგვერდს პირველად სტუმრობს.

ფოტო: indicius.com
4.კომფორტული ფერები
დღევანდელობაში, როცა ცხოვრების სტილი უფრო და უფრო ციფრული ხდება, ადამიანების უმეტესობა დიდ დროს ეკრანთან ატარებს. ამის გამო ხშირია თვალების დაძაბულობა და ამით გამოწვეული სტრესი. სწორედ ამიტომ, კომფორტული ფერების შერჩევა 2021 წლის ვებდიზაინის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია და გამოწვევაა.
დიზაინერები ცდილობენ, შექმნან ისეთი ფერთა გამა, რომელიც, ერთი მხრივ, ვიზუალურად შთამბეჭდავი იქნება, მეორე მხრივ კი, მომხმარებელზე ნაკლებ უარყოფით გავლენას მოახდენს.

ფოტო: Creative_David
5. ტრანსფორმაცია სქროლის დროს
2021 წელს მომხმარებელს, რომელიც საიტს ასქროლებს, უბრალო ნავიგაციაზე მეტი შეგვიძლია შევთავაზოთ. ვებდიზაინის ერთ-ერთი ტენდენცია — გვერდის ტრანსფორმაცია — სწორედ ამას გულისხმობს.
საიტის სტუმარს შეგვიძლია დავახვედროთ ისეთი ვიზუალური ეფექტები და ინტერაქციები, რომლებიც მისთვის რეალური ცხოვრებიდანაა ნაცნობი.
მაგალითად: მაუსზე დაწკაპუნება იწვევს რომელიმე ობიექტის ან ეკრანის ნაწილის რეაგირებას, კონტენტი არასტანდარტულად იცვლის ფორმას, რაც მომხმარებელზე ვიზუალურ გავლენას ახდენს.
ინტერაქცია მონაწილეობის ფორმაა და როდესაც მომხმარებელი საიტზე მიმდინარე პროცესებში ერთვება, მისი ჩართულობა და დაინტერესება მით უფრო იზრდება.

ფოტო: By Hiroshy
ვიდეო: Vilius Vaicius
სქროლის დროს ტრანსფორმაცია მომხმარებელთან ინტერაქციის ერთ-ერთი დახვეწილი ფორმაა. 2021 წელს ვებდიზაინერები ამ მეთოდით ერთგვარ უკუკავშირს ქმნიან. ეს შეიძლება მოიცავდეს ფერთა გამის ცვლილებას ან ობიექტების კომპლექსურ ანიმაციას. საბოლოო მიზანია, რომ მომხმარებლის თითოეულ მოქმედებას საინტერესო ვიზუალური ეფექტი ახლდეს თან.
მზად ხართ 2021 წლის ვებდიზაინის ტენდენციებისთვის?
დაბოლოს, 2021 წლის ვებდიზაინის ტენდენციები სულაც არ არის სამეცნიერო ფანტასტიკის სფერო. პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაში გვხვდება. კარგი ვებდიზაინერი ამ ყველაფერს დახვეწილად და მარტივად გვაწვდის, რათა ვებსაიტზე ყოფნა და მუშაობა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო იყოს.
ასევე იხილეთ:
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.