მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

კომენტარები – როგორ ვაქციოთ კომენტარი სტატიის ნაწილად

დიზაინი·28 ივნისი, 2018·3 წთ
კომენტარები – როგორ ვაქციოთ კომენტარი სტატიის ნაწილად

კომენტარები

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მარტივი ლინკ ბილდინგის სტრატეგია კომენტარებია.

რატომ?

კომენტარებს ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება და ერთადერთი, რაც გვევალება, რელევანტური საიტის პოვნაა, სადაც ლინკის დატოვება შეგვიძლია.

თუმცა, ბევრი ამ სტრატეგიას არასწორად იყენებს, რადგან ვერ აცნობიერებს, რამხელა ძალა აქვს კომენტარს, თუ მას სწორად გამოიყენებ.

რას ნიშნავს სწორად გამოყენება

მარკეტერების მიზანია, როგორმე დაამტკიცებინონ კომენტარი სხვის საიტზე, რაც მცდარი მიდგომაა.

ჩვენი კომენტარის მიზანი უნდა იყოს, რომ ავტორმა სტატია დაარედაქტიროს და ჩვენი შეთავაზება ლინკთან ერთად გაითვალისწინოს.

კარგად ჟღერს, არა?

მინიმალური შრომის სანაცვლოდ ვიღებთ ხარისხიან ბექლინკს.

მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის.

ამისათვის დაგვჭირდება წერის კონკრეტული სტრატეგია, რომელიც გარანტირებულ შედეგს მოგვიტანს.

კომენტარები

კომენტარების პრინციპი

სპამის მომრავლებამ და სოციალური ქსელების დამკვიდრებამ ბლოგზე კომენტარების მნიშვნელობა საგრძნობლად შეამცირა.

სამწუხაროდ, ბლოგერებისთვის ეს ცუდი ამბავია, რადგან ისინი წერისას ხშირად უშვებენ გრამატიკულ შეცდომებს, ავიწყდებათ მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვა და ა.შ.

კომენტარები კი იდეალური ადგილი იყო, სადაც მკითხველი შეცდომაზე მიუთითებდა ან გამორჩენილ საკითხს აღნიშნავდა.

არასდროს გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენი ბლოგერის ოცნებაა, რომ ვინმე სტატიის დახვეწასა და შესწორებაში დაეხმაროს?

ალბათ, უკვე ხვდებით ამ სტრატეგიის პრინციპს, მაგრამ მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ.

იდეალური კომენტარის მაგალითი

იმისათვის, რომ ზუსტად გიჩვენოთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური კომენტარი, მაგალითად მოვიყვანთ რამდენიმე დღის წინ შექმნილ ვებ 2.0-ს.

  1. კომენტარის ავტორი პირდაპირ მოგვმართავს (სახელით), რაც იმის ნიშანია, რომ საიტის ხშირი მკითხველია.
  2. ძალიან კარგია, რომ ლინკს თავიდანვე გვთავაზობს.
  3. შემდეგ ხსნის, რატომ იქნება კარგი Smart SEO-ზე ამ ინფორმაციის განთავსება.
  4. ამბობს, რომ საიტის ერთგული მკითხველია და ზრუნავს მის მომავალზე.
  5. საკუთარი სახელის დამატებით კი კომენტარს უფრო პირადულს ხდის.

რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც კომენტარს ვწერთ?

ანუ, რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც კომენტარების სტრატეგიას ლინკ ბილდინგისთვის ვიყენებთ?

კომენტარი რომანად ნუ აქციეთ

გრძელი კომენტარიც შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს, მაგალითად, როდესაც სტატია ისე მოგეწონებათ, რომ ავტორს საკუთარი, არგუმენტირებული მოსაზრების გაზიარება მოგინდებათ.

თუმცა, არ მგონია, ბლოგერები ამას ხშირად აკეთებდნენ. ამიტომ, უმჯობესია, სათქმელი რაც შეიძლება მოკლედ გადმოსცეთ.

უბრალოდ, მიაწოდეთ ლინკი და აუხსენით, რატომ და რისთვის უნდა გამოიყენოს.

მთავარ საკითხს ნუ ასცდებით

ყველაზე დიდი შეცდომა სტატიაზე ზოგადი კომენტარის დატოვებაა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კომენტარის ავტორს სტატია არ წაუკითხავს და მისი ერთადერთი მიზანი ლინკის მიღებაა.

მნიშვნელოვანია, სტატიას დრო დაუთმოთ, წაიკითხოთ, გაიგოთ ავტორის სათქმელი და შემდეგ ყურადღება მცირე მონაკვეთზე გაამახვილოთ.

დეტალებზე გაამახვილეთ ყურადღება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგადი კომენტარის დაწერა არანაირ შედეგს არ მოგვიტანს.

აირჩიეთ სტატიის კონკრეტული ნაწილი, ისაუბრეთ არგუმენტირებულად და შესთავაზეთ ხარისხიანი რესურსები, რომელთაგან ერთ-ერთი თქვენი საიტი იქნება.

დაწერეთ ისეთი კომენტარი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელი იქნება.

შეაქეთ სტატია

უთხარით სტატიის ავტორს, რომ მისი ნამუშევარი უმაღლესი ხარისხისაა და ძალიან მოგეწონათ.

ცუდი სტრატეგიაა, თქვათ: „შენი სტატია არ ვარგა“, „ასეთი საზიზღრობა როგორ დაწერე?“, „ამის დაწერას რა უნდა, რამე ხარისხიანი დადეთ!“

უმჯობესია, ასე მიმართოთ: „თქვენი სტატია ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, მკითხველს ნამდვილად გამოადგება. კიდევ უკეთესი იქნება, თუ ამ რესურსსაც გაითვალისწინებთ და სტატიაში ჩაამატებთ“.

დაეთანხმეთ, მაგრამ...

ავტორს უთხარით, რომ „ეთანხმებით, მაგრამ...“. არავის სიამოვნებს, როდესაც კომენტარებში უწერენ: „შენი სტატია არ მომეწონა, სხვაგან უკეთესად წერია“.

ბევრი ავტორი ბრაზდება, როდესაც მის მოსაზრებას ეწინააღმდეგებიან, ამიტომ უმჯობესია, ნეგატიურ ტონს მოვერიდოთ და მათ ტერიტორიაზე მათივე წესებით ვითამაშოთ.

იმოქმედეთ ფრთხილად და იყავით თავაზიანი. დაწვრილებით აუხსენით ავტორს, რატომ იქნება მომგებიანი თქვენი რჩევის გათვალისწინება.

ზოგადად, ბლოგერებს დრო არ აქვთ, რომ სხვისი სტატიები დეტალურად შეისწავლონ, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რაიმე გამორჩეთ ან ბუნდოვნად ჰქონდეთ ახსნილი.

გამოიყენეთ შანსი და გაიუმჯობესეთ პოზიციები.

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.