მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

ნელი საიტები მოინიშნება Chrome ბრაუზერის მიერ

ტექნოლოგია·14 ნოემბერი, 2019·2 წთ
ნელი საიტები მოინიშნება Chrome ბრაუზერის მიერ

ვებსაიტები, რომლებიც ცუდი ან უხარისხო კოდის გამო ნელა იტვირთება, Google-მა, შესაძლოა, მალე Google Chrome-ის ბრაუზერში უარყოფითად მონიშნოს.

Google-მა განაცხადა, რომ მუშაობს “სიჩქარის ინდექსის” რამდენიმე სისტემაზე, რომელიც ვიზიტორებს აცნობებს, თუ რატომ სჭირდება გვერდის ჩატვირთვას დიდი დრო, რა ხარვეზები აქვს მას და შესაბამისი ნიშნით მონიშნავს.

ვარიაციები მოიცავს ტექსტურ გამაფრთხილებელ ნიშნებსა და სხვადასხვა სიმბოლოს – საიტის სისწრაფის მიხედვით.

ამ პარამეტრის დანერგვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ბლოგში Google-მა განაცხადა, რომ იწყებს პროექტს, რომელიც “დაეხმარება მომხმარებლებს” იმის გაგებაში, თუ როდის შეიძლება საიტი ნელა იტვირთებოდეს და არის თუ არა ეს შენელება კონკრეტული გვერდისთვის ნორმალური.

ასევე, სტანდარტების შესაბამისობა სათანადო ნიშნით მოინიშნება, რათა მომხმარებელი საიტის ტექნიკურ გამართულობასა და ხარისხში უფრო ადვილად გაერკვეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისინი სპეციალური მეტრიკის შემუშავებაზე მუშაობენ.

მეტრიკა, თავის მხრივ, დეველოპერებს საქმიანობას გაუადვილებს, ტექნიკური ხარვეზებისა და უხარისხო კოდის შემთხვევაში კი მათ გამოსასწორებლად რეკომენდაციებს მისცემს.

გარდა ამისა, გვერდები ხშირად ნელა იტვირთება, რადგან ისინი საიტზე ჩაშენებული სხვადასხვა რესურსის, მაგალითად, სარეკლამო ქსელების, სოციალური მედიის ვიჯეტების ან მომხმარებლის ქცევის ამნალიზებელი კოდის რეაგირებას ელოდებიან.

ინდიკატორი შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ გვერდი “ჩვეულებრივ ნელა იტვირთება”, ან შეცვლილი ჩატვირთვის ზოლი, რომელიც მიანიშნებს, რომ გვერდი სტანდარტულ მაჩვენებელს ჩამორჩება.

ბლოგში Chrome-ის ინჟინრებმა განაცხადეს, რომ საიტების იდენტიფიცირების მექანიზმი დაიხვეწება და ვებსაიტების გაუმჯობესებას მოემსახურება.

ჩვენი მიდგომა ძალიან ფრთხილია: ერთი მხრივ, ის მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნას ითვალისწინებს, მეორე მხრივ კი დეველოპერებს თავიანთი ნამუშევრის მარტივად დახვეწის საშუალებას აძლევს.

ბაზრის კვლევის ფირმა Statista-ს მონაცემებით, Google-ის Chrome ბრაუზერს ინტერნეტ-მომხმარებელთა 64% იყენებს.

Google-ის გეგმა Hacker News-ის ვებსაიტზე გააკრიტიკეს, რომლითაც ძირითადად პროფესიონალი დეველოპერები სარგებლობენ.

ზოგიერთი ეჭვქვეშ აყენებს, რამდენად ზუსტად შეიძლება დადგინდეს, თუ რატომ მუშაობს საიტი ნელა.

ბევრი ამბობს, რომ გვერდები უფრო მეტად სარეკლამო და სხვა გარე რესურსების გამო ნელდება, ვიდრე ცუდი კოდის გამო.

კომენტარებში ასევე აღინიშნა, რომ ეს გამაფრთხილებელი ნიშნები “სირცხვილის ნიშნები” იქნება.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ სისწრაფე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ამუშავებს ბრაუზერი ვებსაიტს.

შესაბამისად, საიტი შეიძლება Firefox-ში უფრო სწრაფი იყოს, Chrome-ში კი — ნელი, მაგრამ მაინც მიიღოს  “სირცხვილის ნიშანი”.

 

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.