მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

დიდი განახლება გუგლისგან – Core Web Vital 2021

SEO·11 აპრილი, 2021·3 წთ
დიდი განახლება გუგლისგან – Core Web Vital 2021

Core Web Vital 2021

შარშან, მაისის დასაწყისში, Google-მა გამოაქვეყნა პოსტი ერთ-ერთ დეველოპერულ ბლოგზე Core Web Vitals-ის დანერგვის შესახებ. ეს ახალი მეტრიკების ერთობლიობაა, რომელიც საძიებო სისტემაში ვებგვერდების რანჟირების მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. 2021 წლის მაისში, Google ოფიციალურად დაამატებს Core Web Vitals-ს, როგორც საიტის შეფასების ახალ ინსტრუმენტს, რომელიც ვებსაიტების რანჟირებაზე გავლენას მოახდენს.

google-web-vital

საძიებო სისტემებში ვებსაიტის პოზიციების გაუმჯობესების ახალმა ფაქტორებმა ასობით (თუ არა ათასობით) მოსაზრება, სტატია და აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა. ერთის მხრივ, არიან ბიზნესები, რომლებსაც Google-ის ახალი მეტრიკის გამო SEO-ს ჩამოშლის ეშინიათ. მეორე მხრივ კი, დეველოპერულმა კომპანიებმა ვებსაიტების ოპტიმიზაციისკენ ბიძგი მიიღეს. თუმცა, იგივე დეველოპერები იმედგაცრუებულებიც დარჩნენ, რადგან წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, პრაქტიკა და მეთოდოლოგია, რომლითაც აქამდე მუშაობდნენ, შესაძლოა, სრულად შეიცვალოს. მოკლედ, ფაქტია, რომ Google-მა თამაშის წესების შეცვლა დააანონსა და მოსამზადებლად მსოფლიოს ერთი წელი მისცა.

და აი, ისიც:

2021 წელი საიტების დამზადებას და SEO ოპტიმიზაციას თავდაყირა აყენებს

ბიზნესებს, რომლებსაც აქამდე კარგი პოზიციები ეკავათ, ლოგიკური კითხვა უჩნდებათ: „რა გველის?“ უნდა ელოდონ თუ არა ყველაფრის ნულიდან დაწყებას? ნიშნავს თუ არა ახალი მეტრიკები ყველაფერი ძველის გაუქმებას და სრულიად ახალ სისტემაზე გადასვლას?

პასუხი ცალსახაა — რა თქმა უნდა, არა! ხარისხიან საიტებს, რომლებსაც კარგი SEO ოპტიმიზაცია აქვთ და ტექნიკურადაც და კონტენტის მხრივაც გამართულია, რა თქმა უნდა, კვლავ ექნებათ უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით. აქ საუბარია იმ რეკომენდაციებსა და ახალ ინსტრუმენტებზე, რომელთა პარალელურად დანერგვაც იქნება საჭირო და რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება ამ, უკვე ოპტიმიზირებულ, ვებსაიტებს.

ხოლო რაც შეეხება საიტების იმ კატეგორიას, რომელიც არც აქამდე გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით — შანსი მათაც აქვთ, შეასრულონ ყველა ის რეკომენდაცია და სტანდარტი, რასაც Google Web Vitals ახალ მეტრიკებში აწესებს. ეს მათ ახალი ტიპის საძიებო სისტემაში თავის დამკვიდრების შანსს მისცემს. საბოლოო ჯამში, ყველა ეს ღონისძიება ერთ მიზანს ემსახურება — მომხმარებლისთვის საძიებო სისტემიდან ინფორმაციის მიღება უფრო მარტივი და რელევანტური გახდეს.

web_vital_structure_2021

თუმცა ეს ცვლილებები მხოლოდ მომხმარებლის გამოცდილებას არ აუმჯობესებს. საბოლოო ჯამში, ეს ერთგვარი „იძულება“, რომ საიტები ხარისხიანად შეიქმნას, თავად ბიზნესსაც დაეხმარება.

მაგალითად: საიტზე, რომელიც ნელა იტვირთება, მომხმარებელი ან არ შედის, ან მალევე ტოვებს მას. შესაბამისად, იკარგება პოტენციური მომხმარებელი, რომელმაც საჭირო ინფორმაცია უნდა მიიღოს.

ონლაინ მაღაზიები, რომლებიც ნელა მუშაობს ან რთული ნავიგაცია აქვს, კლიენტებს კარგავს. მომხმარებლები ბოლომდე არ ასრულებენ შეძენის პროცესს, რადგან ამაში დრო და ხალისი ეწურებათ.

თუმცა მომხმარებელს, რომელსაც ამ ინფორმაციის მიღება ან პროდუქტის ყიდვა სურს, მაინც უწევს ალტერნატივის პოვნა. ის ეძებს უკეთესად ოპტიმიზირებულ, გამართულ ვებსაიტებს, სადაც სასურველ ინფორმაციას, მომსახურებასა თუ პროდუქტს მარტივად მიიღებს.

სწორედ ამას ემსახურება ახალი სტანდარტის დანერგვაც. საიტები, რომლებიც მომხმარებლებს „აწვალებენ“, საძიებო სისტემის ქვედა პოზიციებზე გადაინაცვლებენ.

პირიქით, ხარისხიანი საიტები, რომლებიც კონტენტის, კოდისა და SEO-ს მხრივ ოპტიმიზირებულია, ერთგვარ „ჯილდოს“ მიიღებენ და საძიებო სისტემების მოწინავე პოზიციებზე ადგილს დაიმკვიდრებენ.

ასევე იხილეთ:

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.