საკვანძო სიტყვები – კვლევა SEO- სთვის

საკვანძო სიტყვების კვლევა SEO ოპტიმიზაციის პროცესის პირველი ნაბიჯი და თქვენი SEO სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ვებსაიტისთვის კონტენტის შექმნამდე უნდა გაარკვიოთ, რა საძიებო ტერმინებს იყენებს თქვენი აუდიტორია. სწორედ ეს საძიებო ფრაზებია თქვენი საკვანძო სიტყვები (keywords).
ამ საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით შეძლებთ, შექმნათ სასარგებლო და მაღალი ხარისხის კონტენტი. ამ სტატიაში განვიხილავთ საკვანძო სიტყვების კვლევის რამდენიმე ძირითად ეტაპს.
რა არის საკვანძო სიტყვების კვლევა?
საკვანძო სიტყვების კვლევა SEO-ს ფუნდამენტური ნაწილია. ეს არის პროცესი, რომელიც პოტენციური საკვანძო სიტყვების ვრცელი სიის შედგენასა და ანალიზს მოიცავს. ამისთვის ვებსაიტის მფლობელებმა უნდა შეისწავლონ თავიანთი სამიზნე აუდიტორია: რა საძიებო ტერმინებს იყენებენ ადამიანები Google-ში, როდესაც კონკრეტულ პროდუქტს, მომსახურებას, ბიზნესს ან ორგანიზაციას ეძებენ? და რის პოვნას ელიან შედეგად? ამ სიის საფუძველზე ვებსაიტის მფლობელებს შეუძლიათ შექმნან ისეთი კონტენტი, რომელიც მეტ და ხარისხიან ტრაფიკს მოიზიდავს. საკვანძო სიტყვების კვლევა, ფაქტობრივად, უწყვეტი პროცესია — შედეგების შესანარჩუნებლად მასზე რეგულარული მუშაობა და სიის განახლებაა საჭირო.
რატომ არის მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვების კვლევა?
საკვანძო სიტყვების სწორად კვლევა უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ამ პროცესში ირკვევა, თუ რა საძიებო ტერმინებს იყენებს თქვენი აუდიტორია. ხშირია შემთხვევა, როცა საიტის მფლობელები პროდუქტის აღწერისას ერთ ტერმინოლოგიას იყენებენ, მათი სამიზნე აუდიტორია კი — სრულიად სხვას. შედეგად, ტერმინოლოგიის შეუსაბამობის გამო, პოტენციური მომხმარებლები მათ ვებსაიტებს ვერ პოულობენ.
მაგალითად, ზოგჯერ საიტის მფლობელი, მარკეტინგული ეფექტურობისთვის, პროდუქტს არც ისე გავრცელებულ სახელს არქმევს. ეს შეიძლება ჭკვიანურ მარკეტინგულ სვლად ჩაითვალოს, რათა მომხმარებელმა პროდუქტი ან მომსახურება უფრო ადვილად დაიმახსოვროს. მაგალითისთვის, თუ “სახლების გაქირავების” ნაცვლად კოტეჯებს აქირავებთ, შეიძლება “კოტეჯების გაქირავება” უფრო რელევანტურ საკვანძო სიტყვად მიიჩნიოთ. თუმცა ფრთხილად იყავით: ძალიან ცოტა ადამიანი ეძებს ფრაზას “კოტეჯების გაქირავება”. თუ კონტენტს ამ ტერმინზე მოახდენთ ოპტიმიზაციას, შესაძლოა, ამ კონკრეტული ფრაზით ძიებისას მაღალ პოზიციაზეც აღმოჩნდეთ, მაგრამ ამით დიდ ტრაფიკს ვერ მიიღებთ და პოტენციური აუდიტორიის დიდ ნაწილს დაკარგავთ, რადგან ის სხვა სიტყვებს იყენებს — ამ შემთხვევაში, “სახლების გაქირავება”.
ცხადია, აზრი არ აქვს ისეთი საკვანძო სიტყვების გამოყენებას, რომლებითაც არავინ ეძებს. საფუძვლიანი კვლევა დაგარწმუნებთ, რომ თქვენი და თქვენი აუდიტორიის მიერ გამოყენებული ტერმინების თანხვედრა ვებსაიტის ოპტიმიზაციისთვის გაწეულ ძალისხმევას ბევრად შედეგიანს გახდის, მაღალი კონკურენციის პირობებშიც კი. გარდა ამისა, კვლევა დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, კონკრეტულად რას ეძებს თქვენი აუდიტორია. მომხმარებლის საძიებო მოთხოვნას თქვენმა ვებსაიტმა ხარისხიანი კონტენტით უნდა უპასუხოს.
როგორ ხდება საკვანძო სიტყვების კვლევა?
საკვანძო სიტყვების კვლევის პროცესი რამდენიმე გადამწყვეტი ნაბიჯისგან შედგება. მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ ეს პროცესი და გაგიზიაროთ პრაქტიკული რჩევები, რომლებიც კვლევის დაწყებაში დაგეხმარებათ.
განსაზღვრეთ თქვენი მისია: სანამ რაიმეს დაიწყებთ, დაფიქრდით თქვენს მისიაზე. უპასუხეთ ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: რა არის თქვენი ბიზნესის ან ორგანიზაციის მთავარი მიზანი? რით ხართ გამორჩეული? რას სთავაზობთ მომხმარებელს თქვენი ვებსაიტით? დაუთმეთ დრო და დეტალურად ჩამოწერეთ თქვენი მისია. როდესაც ამ კითხვებს დეტალურად უპასუხებთ, თქვენი საკვანძო სიტყვების სტრატეგიის შემუშავებისკენ პირველ და უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადადგამთ.
შეადგინეთ საკვანძო სიტყვების სია: ამ ეტაპზე საკვანძო სიტყვების პირველადი სია უნდა შეადგინოთ. თქვენი მისიიდან გამომდინარე, ეცადეთ, თქვენი სამიზნე აუდიტორიის პერსპექტივიდან იფიქროთ: რას ეძებენ ისინი? რა საძიებო ტერმინებს გამოიყენებდნენ თქვენი პროდუქტის ან სერვისის მოსაძებნად? მათ რომელ პრობლემას გადაჭრის თქვენი პროდუქტი? ჩამოწერეთ რაც შეიძლება მეტი ვარიანტი. თუ თქვენი მისია მკაფიოა, თქვენს ნიშაში მოსალოდნელი საძიებო ტერმინების განსაზღვრაც გაგიადვილდებათ.
არ დაივიწყოთ “გრძელი კუდი” (long-tail): საკვანძო სიტყვების კვლევისას, ხშირად, მხოლოდ ძალიან პოპულარულ, “ძირითად” ტერმინებზე ამახვილებენ ყურადღებას. ასეთ საკვანძო სიტყვებზე, როგორც წესი, მსხვილი ბიზნესები მუშაობენ. long-tail საკვანძო სიტყვებს, მართალია, ნაკლები საძიებო ტრაფიკი მოაქვს, მაგრამ მათზე კონკურენციაც დაბალია. შესაბამისად, ასეთ საკვანძო სიტყვებზე რანჟირება უფრო მარტივია. მეტიც, long-tail საკვანძო სიტყვები ხშირად უფრო მაღალი კონვერტაციით გამოირჩევა, რადგან ისინი კონკრეტულ პროდუქტზე ან თემაზეა ფოკუსირებული.

განსაზღვრეთ საკვანძო სიტყვების სტრატეგია: შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შეგიძლიათ, თქვენი საკვანძო სიტყვების სტრატეგია განსაზღვროთ. თუ წინა ნაბიჯები სწორად შეასრულეთ, შედეგად მიიღებთ ცხრილს, რომელიც მოიცავს საკვანძო ფრაზების ვრცელ სიას და ინფორმაციას მათი კონკურენტულობისა და თქვენი აუდიტორიის საძიებო განზრახვის (search intent) შესახებ.
როგორც ვხედავთ, საკვანძო სიტყვების კვლევა ნებისმიერი SEO სტრატეგიის საწყისი ეტაპია. მისი შედეგია საკვანძო სიტყვების გრძელი სია, რომელთა მეშვეობითაც გსურთ, რომ პოტენციურმა მომხმარებლებმა ძიებისას თქვენი ვებსაიტი იპოვონ. მაგრამ ყველაზე რთული ნაწილი ჯერ კიდევ წინაა: ამ სიის შესაბამისი კონტენტის შექმნა. თქვენ მოგიწევთ, შექმნათ სტატიები და ბლოგპოსტები თითოეული მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვისთვის და მოახდინოთ საიტის გვერდებისა და სხვა ელემენტების კონტენტ-ოპტიმიზაცია. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა. დასაწყისისთვის გაეცანით ეფექტური კონტენტის შექმნის ნაბიჯებს.
ასევე იხილეთ:
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.