მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

მოკლე მიმოხილვა – რა არის SEO?

SEO·28 აპრილი, 2018·2 წთ
მოკლე მიმოხილვა – რა არის SEO?

რა არის SEO?

საქართველოში მისი სერიოზულად გამოყენება არავის უცდია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე warez საიტს, რომელთა სამიზნე აუდიტორია არა სერიოზული მომხმარებელი, არამედ Skype-ით ან „Counter-Strike-ით“ თავგაბეზრებული ხალხი იყო. სერიოზულ მომხმარებელზე SEO არავის გაუთვლია, პრინციპში, სერიოზული მომხმარებელი ჯინეტში არც გვყავდა.

იმ დროს მეც ერთი ჩვეულებრივი „ვარეზნიკი“ ვიყავი. გაგონილი მქონდა, რომ არსებობდა რაღაც SEO, რომლითაც Google-იდან მეტ მომხმარებელს მოვიზიდავდი. 2-3-დღიანი ფიქრის შემდეგ, ჩემი აზრით, საკმაოდ სწორი სვლები გავაკეთე, რის შედეგადაც ჩემი warez საიტის PageRank 1-დან 4-მდე გაიზარდა. მაინც რა ვქენი ასეთი?
საიტზე ბევრი რამ გვედო: „შუა ქალაქის“ სერიებით დაწყებული, „Counter-Strike-ისა“ და „Skype-ის“ საინსტალაციოებით დამთავრებული. სათაურებიც ვითომ აკადემიურად გვეწერა: „შუა ქალაქში – სერია 1 / სეზონი 1“, „Skype 36.0.3.4 Final“ და ა.შ. ამით, ჩემი ჭკუით, საიტის დონეს ვწევდი.

ერთ დღეს ხალხი დამაკლდა…

ერთ დღეს, როცა უნიკალური ვიზიტორები საგრძნობლად შემომაკლდა და საძიებო სისტემიდან შემოსულების რიცხვიც აღარ მაკმაყოფილებდა, თავში ერთი აზრი მომივიდა. დავფიქრდი: რამდენი მომხმარებელი ეძებდა „შუა ქალაქის“ სერიებს სიტყვებით „შუა ქალაქში“? ნუთუ „Shua qalaqshi“-თ უფრო მეტი? ან Skype-ის ქართველი მომხმარებლების 100%-მა იცოდა, რომ ის იწერება, როგორც „Skype“? მაშინვე დავიწყე სათაურების რედაქტირება და „აკადემიური“ დასახელებები სავარაუდო საძიებო სიტყვებით ჩავანაცვლე. შედეგი თავად წარმოიდგინეთ — რა თქმა უნდა, მაშინ მომხმარებლების 70%-ს ქართული ფონტი არ ეყენა. „შუა ქალაქის“ მაძიებლების 90% მას ლათინური ასოებით ეძებდა.
ეს იყო ჩემი, ქართულ რეალობაზე მორგებული შემთხვევა, რომელმაც გაამართლა, მაგრამ მხოლოდ Skype-ისა და „შუა ქალაქის“ მომხმარებლების მოზიდვით შორს ვერ წახვალ.

გსურთ ონლაინ მაღაზიის შექმნა?

იხილეთ ჩვენი სერვისები

ან დაგვიკავშირდით

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – პროცესი

SEO, ანუ Search Engine Optimization (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია), არის პროცესი, რომლის მიზანია საძიებო სისტემებში ვებგვერდის ხილვადობის გაზრდა ორგანული (არაფასიანი) გზით. სხვა სიტყვებით, ვებგვერდის „დამეგობრება“ ისეთ საძიებო სისტემებთან, როგორებიცაა Google Search, Yahoo Search და სხვ. SEO შეიძლება მოიცავდეს ძიების სხვადასხვა კატეგორიას, მაგალითად: სურათების ძებნა, ლოკალური ძებნა (საქართველოში ამ ტიპის ძიებას იშვიათად იყენებენ; მაგალითად, როცა მომხმარებელი აშშ-ის რომელიმე პატარა ქალაქში ცხოვრობს და მხოლოდ ამ ქალაქში არსებული მდგომარეობა, ფასები, ბიზნესპირობები და ა.შ. აინტერესებს), ვიდეოების ძებნა და სხვა.

როგორც ინტერნეტ მარკეტინგის სტრატეგია, SEO ითვალისწინებს, თუ როგორ მუშაობს საძიებო სისტემები და რას ეძებს მომხმარებელთა უმრავლესობა. საიტის ოპტიმიზაცია შეიძლება მოიცავდეს კონტენტის რედაქტირებას, HTML კოდში ცვლილებებს და სხვადასხვა ტექნიკური ბარიერის მოხსნას.

ეს ბარიერები ხელს უშლის საიტის მთავარ საკვანძო სიტყვებზე (Keywords) დაწინაურებას. ანუ, საძიებო სისტემამ შესაძლოა მთავარი საკვანძო სიტყვების ნაცვლად, პრიორიტეტი თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვან კონტენტს მიანიჭოს, რაც არასწორი ოპტიმიზაციის შედეგი იქნება. ოპტიმიზაციის მაღალი დონის ტაქტიკა ყველაფერს უნდა ითვალისწინებდეს — საიტის შინაარსით დაწყებული, მენიუს სწორი სტრუქტურით დამთავრებული. ასეთი კომპლექსური მიდგომა უკვე ცალკე დისციპლინაა, ხოლო საბაზისო SEO ინტერნეტ მარკეტინგის მხოლოდ მცირე ასპექტია.

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.