საიტის რედიზაინი – როგორ განვაახლოთ ძველი ვებ საიტი?

საიტის რედიზაინი მარტივი პროცესი არ არის. ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, რომ საბოლოოდ მიიღოთ ის შედეგი, რის გამოც განახლება წამოიწყეთ.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ საიტის რედიზაინი, იგივე განახლება, წარმატებულად ჩავატაროთ? სამი სიტყვით:
სისხლი, ოფლი და ცრემლები. ეს ხუმრობით, თუმცა შესაძლოა.

რა არის ვებსაიტის რედიზაინი?
ვებსაიტის რედიზაინი ნიშნავს, რომ თქვენ ცვლით ან ანახლებთ თქვენს ვებსაიტს და აუმჯობესებთ ყველაფერს, რაც განახლებას საჭიროებს — ძირითადი ფუნქციონალიდან და მართვის სისტემიდან დაწყებული, გვერდების ვიზუალით დამთავრებული.
რედიზაინი უფრო მეტია, ვიდრე მარტივი განახლება, რაც შეიძლება ღილაკების ფორმის ან კონტენტში რამდენიმე ფოტოს შეცვლა იყოს. ეს წვრილმანებია.
განახლების პროცესში მოგიწევთ ყველა დეტალის ტესტირება და საიტზე მორგება. იქნება ეს ახალი ვიზუალური ელემენტები, ფუნქციონალი თუ სხვა.
თქვენი მისაღები ოთახის რემონტს თუ განვიხილავთ, მისი უბრალო განახლება კედლების შეღებვა და, შესაძლოა, ახალი ავეჯით გაწყობა იქნებოდა. რედიზაინიც შეიძლება ამას გულისხმობდეს, მაგრამ ამ პროცესმა ასევე შეიძლება მოითხოვოს ძველი ხალიჩის გარეცხვა, ზოგიერთი კედლის დანგრევა, ახალი განათების დაყენება და პატარა სკამების დადგმა, რათა უყუროთ ციყვებს, რომლებიც თქვენს ფანჯრის მიღმა დარბიან. ოთახის კარკასი ისევ არსებობს, მაგრამ თქვენ ბევრს აკეთებთ მის გასაუმჯობესებლად.
რა ღირს ვებსაიტის რედიზაინი?
თუ საიტის განახლების პროცესს დამოუკიდებლად ახორციელებთ, მისი ღირებულება თქვენი და თქვენი გუნდის დროით განისაზღვრება. თუ პროცესში დაქირავებული დეველოპერი ან გუნდი ჩაერთვება, ფასი ჩასატარებელი სამუშაოს მიხედვით დადგინდება. გადამწყვეტი ფაქტორებია თქვენი მოთხოვნები, ვებსაიტის მოცულობა, დიზაინის სირთულე და სხვა.
როდის უნდა განაახლოთ თქვენი ვებგვერდი?
ყველა აახლებს თავის ვებსაიტს, ამიტომ თქვენც უნდა განაახლოთ თქვენი, არა? ეს არასწორი მიდგომაა.
თუ თქვენი ვებსაიტი კარგად მუშაობს და გეხმარებათ ბიზნეს მიზნების მიღწევაში, ალბათ, არ გჭირდებათ მასშტაბური ცვლილებების შეტანა. შეიძლება, საკმარისი აღმოჩნდეს მცირე განახლებები, როგორებიცაა ახალი ფერები ან განახლებული ტექსტი, რაც მომხმარებელსაც სიახლის განცდას შეუქმნის, დიდი ინვესტიციის გარეშე.
ვებსაიტის რედიზაინის დაწყების მთავარი ნიშანი ისაა, რომ თქვენი ვებსაიტი, მიუხედავად მცდელობისა, ვეღარ გეხმარებათ მიზნების მიღწევაში. ჩაატარეთ ტესტების სერია, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, რა არ მუშაობს საიტზე, ან რა არ მოსწონს თქვენს მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, დაგჭირდეთ ძირეული ცვლილებები და განახლებები, რომლებისთვისაც ერთი „ფენა საღებავი“ საკმარისი აღარ იქნება.
მაშასადამე, ვებსაიტის რედიზაინის პირველი მიზეზი: ის ვეღარ უწყობს ხელს თქვენი ბიზნესის ზრდას. სხვა ნიშნები, რომლებიც რედიზაინის საჭიროებაზე მიუთითებს, არის:
- თქვენი დიზაინი მოძველებულია ან არ ასახავს თქვენს ბრენდს
- თქვენი საიტი კარგად არ მუშაობს მობილურ მოწყობილობებზე
- მომხმარებლებისგან თქვენი ვებსაიტის შესახებ უამრავ პრეტენზიას იღებთ
- ანალიტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებლები დიდ დროს არ ატარებენ თქვენს ვებსაიტზე
- თქვენი საიტი არ ფუნქციონირებს ისე, როგორც საჭიროა
ვებსაიტის რედიზაინი მარტივი ამოცანა არ არის
თქვენი ვებსაიტი არასდროს იქნება სრულყოფილი. განაგრძეთ სხვადასხვა ელემენტების ტესტირება, საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია და კორექტივების შეტანა, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი განახლებების ეფექტიანობა. ან დაიქირავეთ დიზაინერებისა და დეველოპერების გუნდი, რომელიც თქვენს საიტს პროფესიონალურად განაახლებს.
წარმატებულ განახლებას გისურვებთ!
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.