მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

ვებგვერდის ხარისხი – ახალი SEO ფაქტორი Google-ში

SEO·6 ივნისი, 2020·3 წთ
ვებგვერდის ხარისხი – ახალი SEO ფაქტორი Google-ში

ორიოდე კვირის წინ Google-მა დააანონსა Web Vitals – მეტრიკის ახალი ნაკრები ვებგვერდის ხარისხისა და მომხმარებლისთვის მისი გამოყენების ეფექტიანობის გასაზომად. გასულ კვირას კი მათ განაცხადეს, რომ ეს მეტრიკა ძირითადი ალგორითმის განახლების ნაწილი გახდება, როგორც საიტების შეფასების ახალი გზა, მათ მიერ შემოთავაზებული ნორმებისა და პარამეტრების საფუძველზე. ეს განახლება ეტაპობრივად, 2021 წელს გააქტიურდება.

UX-ის მნიშვნელობა და რეალობა

2010 წელს Google-ში განაცხადეს, რომ საიტის სიჩქარე რანჟირებაზე გავლენას მოახდენდა. 2018 წელს Google-მა ყურადღება გაამახვილა გვერდების სიჩქარეზე მობილურ ვერსიებში. ახლა კი Google აანონსებს ახალ განახლებას, რომელიც მრავალფეროვან ახალ თუ განახლებულ მეტრიკას მოიცავს – სხვადასხვა ინსტრუმენტისა და ფაქტორის ერთობლიობას ვებგვერდის ხარისხის ახალი სტანდარტით შესაფასებლად.

რას გულისხმობს ახალი სტანდარტი? იდეალურ სამყაროში, ძიების შედეგებში ნაპოვნ ბმულზე დაჭერისას შესაბამისი გვერდი მყისიერად უნდა ჩაიტვირთოს. თუმცა ეს მხოლოდ ოცნებაა. წლების განმავლობაში გვერდები ზომაში გაიზარდა და JavaScript-ის პოპულარობამ ისინი კიდევ უფრო რთული და დატვირთული გახადა. ელვისებურად სწრაფი ინტერნეტკავშირისა და მძლავრი მოწყობილობების პირობებშიც კი, ვებგვერდი შესაძლოა შეფერხებით ჩაიტვირთოს. მომხმარებლისთვის კი გვერდის ჩატვირთვის მოლოდინი ხშირად სტრესულია. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შემთხვევებზე, როდესაც ბმულზე დაკლიკებისას სრულიად სხვა რამ იტვირთება ან საერთოდ არაფერი.

ხარისხიანი გვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უფრო მეტად ჩაერთოს პროცესში და მარტივად იპოვოს ის, რასაც ეძებს. ამის საპირისპიროდ, უხარისხო ვებგვერდი მხოლოდ აფერხებს მას და სასურველი ინფორმაციის მოძიებას ართულებს. Google

Web Vitals – დასაწყისი

2020 წლის მაისის დასაწყისში Google-მა Web Vitals წარმოგვიდგინა – ინიციატივა, რომელიც ვებმასტერებს საკუთარი საიტის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ამ ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა მეტრიკის ძირითადი ჯგუფი, რომელზეც ყველა საიტის მფლობელმა უნდა გაამახვილოს ყურადღება — ე.წ. Core Web Vitals. Google-ის თანახმად, “Core Web Vitals რეალური, მომხმარებელზე ორიენტირებული მეტრიკის ერთობლიობაა, რომელიც მომხმარებლის გამოცდილების (user experience) მთავარ ასპექტებს ასახავს”.

თითოეული Core Web Vital მომხმარებლის გამოცდილების (user experience) კონკრეტულ ასპექტს აფასებს და საიტის ხარისხის შესახებ მონაცემებს გვაწვდის. Core Web Vitals ხელმისაწვდომია Google-ის ყველა იმ ინსტრუმენტში, რომელიც გვერდის ხარისხს ამოწმებს.

Core Web Vitals მუდმივად ვითარდება და, დროთა განმავლობაში, სრულფასოვან ინსტრუმენტთა პლატფორმად ჩამოყალიბდება. 2020 წლისთვის Google-მა სამი ძირითადი კომპონენტი გამოყო:

  • ჩატვირთვის სისწრაფე
  • ინტერაქტიულობა
  • ვიზუალური სტაბილურობა

dziritadi-komponentebi

ეს ის სამი ძირითადი კომპონენტია, რომლებიც, თავის მხრივ, ბევრ სხვა დეტალს მოიცავს და ვებგვერდის ხარისხის ახალი სტანდარტით შეფასებისთვის გამოიყენება.

Google-ის ახალი სტანდარტი 2021 წელს განახლდება

Google-ს ხშირად აკრიტიკებენ SEO-სპეციალისტებთან და საიტების მფლობელებთან არასაკმარისი კომუნიკაციის გამო. წარსულში არაერთხელ ვყოფილვართ ალგორითმის ძირეული განახლების მოწმე, რომელიც წინასწარი დაანონსებისა და გაფრთხილების გარეშე მომხდარა. თუმცა, როგორც ჩანს, დღეს Google უფრო გახსნილია. ამჯერად კომპანია ცვლილებების ამოქმედებას 2021 წელს გეგმავს და გვპირდება, რომ მის ძალაში შესვლამდე, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე, კიდევ ერთხელ გაგვაფრთხილებს.

ასევე იხილეთ:

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.